logo
ENG



ფაილების მიხედვით, ლოთქიფანიძე მზად იყო, მელაშვილი "ტაბელური იარაღით კედელთან მიეყენებინა"

14 სექ 202117:31
3 წუთის საკითხავი
 

13 სექტემბერს გავრცელებულ მასალებში დავითგარეჯის საქმეზეც არის ლაპარაკი. 

1-ლი თებერვლით დათარიღებულ ფაილში ნათქვამია, რომ დავითგარეჯის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი კირიონ ონიანი ესაუბრება მესტიის და ზემო სვანეთის მიტროპოლიტ ილარიონ ქიტიაშვილს და გამოხატავს უკმაყოფილებას ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას გირაოთი გათავისუფლების გამო.

უკმაყოფილოა ილარიონ ქიტიაშვილიც. კარტოგრაფების გათავისუფლების გამო ისინი ხელისუფლებას აკრიტიკებენ. 

ფაილში წერია, რომ "თუ ხელისუფლება ქართული მიწის გასხვისების ფაქტის გამო არ დასჯის შესაბამის პირებს, პარტია ქართული ოცნება საზოგადოებისთვის აღიქმება როგორც პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თანამზრახველი'. 

სუს-ის ფაილების მიხედვით, დავითგარეჯის საქმეზე ბრალდებული კარტოგრაფების გათავისუფლებით უკმაყოფილოა ალავერდელი მიტროპოლიტი დავით მახარაძეც. 

ირკვევა, რომ მან გოგა ხაინდრავასთან ლაპარაკში "ივერი მელაშვილის მიერ უკანასკნელ პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს ღალატის ტოლფასი" უწოდა.

"გოგა ხაინდრავას თქმით, ახლო მომავალში გეგმავს 13 ასურელი მამის მიერ საქართველოში დაარსებული მონასტერების შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღებას, სადაც ვრცლად განიხილება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხი. თანამოსაუბრეები შეთანხმდნენ რომ ერთმანეთს შეხვდებიან ქ. თბილისში ახლო მომავალში". - წერია დოკუმენტში. 

სუს-ის ფაილებში ასევე ვკითხულობთ, რომ პარტია ქართული დასის ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელს, ანდრია ჯაღმაიძეს საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის სადემარკაციო კომისიის მიერ შედგენილი დოკუმენტაციის ასლები სთხოვა. ჯაღმაიძე დათანხმდა. ჯონდი ბაღათურიას არ დაუკონკრეტებია, რისთვის სჭირდებოდა ეს დოკუმენტაცია.

ასევე, ფაილების მიხედვით, ქორეპისკოპოს თეოდორე ჭუაძეს ხონისა და სამტრედიის მიტროპოლოტმა საბა გიგიბერიამ აცნობა, რომ 31 იანვარს სამტრედიის ეპარქიაში იმყოფებოდნენ ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტები, რომლებმაც ჩაიწერეს 40 წუთიანი საკვირაო ქადაგება. გიგიბერიას თქმით, ქადაგებისას ნეგატიურად ისაუბრა დავით-გარეჯის საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილის და ტელეკომპანია მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ გვარამიას შესახებ. ჭუაძემ გიგიბერიას ურჩია, სამომავლოდ თავი შეიკავოს მთავარი არხის ჟურნალისტებთან ურთიერთობისგან, რასაც გიგიბერია დათანხმდა.

ფაილებიდან ისიც ირკვევა, რომ პრორუსული ორგანიზაციის, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე მზად იყო, "ტაბელური იარაღით კედელთან მიეყენებინა" ივერი მელაშვილი. 

"პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული ურთიერთობების ცენტრის“ ხელმძღვანელ დიმიტრი ლორთქიფანიძეს თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფიული სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა დიმიტრი ქართლელიშვილმა აცნობა, რომ 30 იანვარს იმყოფებოდა დავით-გარეჯის მონასტრში, სადაც ამავე დროს ტერიტორიაზე იყო ივერი მელაშვილი ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტებთან ერთად. ქართლელიშვილის თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, სოფელ უდაბნოს მკვიდრი მოსახლეობა (სვანები) ემუქრებიან ი.მელაშვილს და შეხვედრის შემთხვევაში ფიზიკურად გაუსწორდებიან ამ უკანასკნელს. თავის მხრივ, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა - „არ უნდა შევარჩინოთ, მე ტაბელური მაკაროვი მაქვს 4 მჭიდით, მზად ვარ ჩემი ხელით მივაყენო კედელთან და ციხეში წავიდე“. - წერია ფაილში. 

იმავე ფაილში ვკითხულობთ, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძე განიხილავს ნამახვან ჰესის წინააღმდეგ გამართული აქციების საკითხებს, თუმცა, ამავე დროს, აცხადებს, რომ "მისი ყურადღება გადატანილია დავით-გარეჯის საკითხის მიმართ, რადგან თუ აღნიშნულ საქმეზე მოხდება ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და ყოფილი შსს მინისტრი ივანე მერაბიშვილის გასამართლება, საქართველოში დაიწყება პარტია ენმ-ს საბოლოოდ განადგურების ეტაპი, რაც გამოიხატება პარტიის ლიდერების სახლებში მივარდნით და პარტიის ოფისების დაწვით.

ლორთქიფანიძე ასევე აღნიშნავს, რომ ახლო მომავალში ღიად დაუპირისპირდება აზერბაიჯანის ხელისუფლებას და საქართველოს მოსახლეობის სახელით მოითხოვს პასუხს დავით-გარეჯის გამო"

ასევე, გავრცელებული ფაილებით ირკვევა, რომ გენშტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის არასაიდუმლო საქმის წარმოების სამმართველოს ყოფილმა უფროსმა დიმიტრი ქართლელიშვილმა ​ დაურეკა და აცნობა, უახლოეს პერიოდში იგეგმება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის ახალი კომისიის ჩამოყალიბება, რომლის წევრიც, როგორც საზოგადოების წარმომადგენელი აუცილებელია, რომ გახდეს დ.ლორთქიფანიძეც. 

პასუხად ლორთქიფანიძემ უთხრა, რომ მას სურს ამ კომისიის წევრობა, თუმცა პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელობის გამო არ მისცემენ ამის უფლებას.

"ლორქიფანიძის თქმით, როდესაც დაანონსდება ახალი კომისიის შექმნა, იგი გააკეთებს საჯარო განცხადებას და გამოთქვამს სურვილს კომისიის წევრობის თაობაზე. დ.ლორთქიფანიძემ ასევე განაცხადა, რომ უმჯობესია კომისიაში მოხვედრის თაობაზე თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან უშუამდგომლებს გენერალური შტაბის, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ტოპოგრაფიული სამმართველოს უფროსმა ნოდარ ხორბალაძემ.". - ვკითხულობთ ფაილში. 

პრიმაკოვის ფონდი, რომელსაც დიმიტრი ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს, 2013 წლის 21 აგვისტოს საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტმა და გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდმა დააფუძნა. გორჩაკოვის ფონდი 2010 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ბრძანებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შექმნა.

გორჩაკოვის ფონდი რუსეთის რბილი ძალის გავრცელების ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომლის წესდების მიხედვითაც, ფონდის მიზანია სამეცნიერო, კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამების დახმარება საერთაშორისო ურთიერთობებში, მასობრივი ინფორმაციებისა და ინფორმაციული რესურსების საშუალებების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ რუსეთისთვის ხელსაყრელი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, საზღვარგარეთ რუსეთის ინტელექტუალური, კულტურული, სამეცნიერო და საქმიანი პოტენციალის წინ წაწევა, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა სამამულო, უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის. 

***

2020 წლის 7 ოქტომბერს პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავა. გამოძიება ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".  

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალდების შინაარსს არ ეთანხმებიან, ამბობენ, რომ ის რუკები, რომელთა არგამოყენებასაც მათ პროკურატურა ედავება, არასწორად არის შედგენილი და ბრალდების მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. 

კარტოგრაფები 2021 წლის 28 იანვარს, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. პროკურატურის თქმით, გამოიკვეთა, რომ ისინი ზემდგომის დავალებას ასრულებდნენ, ამიტომ კარტოგრაფების დაკავების საჭიროება არ არსებობს. 

სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა 13 სექტემბერს გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, ფარული მიყურადება მიმდინარეობდა საჯარო პირებზე და ჟურნალისტებზეც.

ჩანაწერები თარიღდება 2013-2021 წლებით.

ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს ფორმულას ჟურნალისტი ნინო ვარძელაშვილი. ის ამბობს, რომ გავრცელებულ ფაილში ზუსტად არის მისი და მამა გიორგი ზვიადაძის საუბარი აღწერილი, რომელიც თებერვალში, სინოდის სხდომამდე შედგა. 

ავთენტიკურობას ადასტურებს TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძეც, ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე, ტელეკომპანია მთავარის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. 

ასევე, ლელოს ერთ-ერთი ლიდეერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ფაილებში არსებული ჩანაწერი მისი და მეუფე თეოდორეს შესახებ, ავთენტურია. 

ინფორმაციას ადასტურებს ასევე ტაბულას მთავარი რედაქტორი ლევან სუთიძე, რომლის სახელი და გვარი რამდენჯერმეა მოხსენიებული ფაილებში. ასევე აღწერილია მისი საუბარი სასულიერო პირთან. 

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო. 


close დახურვა